THE SOCIAL SPACE


ჩვენ მიერ შექმნილი გარემო, სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები, დაგეხმარებათ სიმშვიდის  მოპოვებასა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში.

ფერმერთა დღე

"ფერმერების დღე" "სოციალური სივრცის" მიერ ინიცირებული ყოველკვირეული პროექტია, რომლის მიზანი ახალგაზრდა ფერმერთა წახალისება და ოჯახური სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების ხელშეწყობაა. ამის პარალელურად კი გვსურს ადამიანებისთვის ჯანსაღი გარემო შევქმნათ და სტუმრები ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე დავაფიქროთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და საკვების გარეშე სიჯანსაღის მიღწევა ძალიან რთულია.

გასული სეზონის მანძილზე ღონისძიების ფარგლებში "სოციალურმა სივრცემ" არაერთ წარმატებულ ახალგაზრდა ფერმერს მისცა საშუალება საკუთარი პროდუქცია წარედგინა და გაეყიდა. ჩვენი მიზანი 2022 წლის სეზონზეც უცვლელია და ისევ მზად ვართ ყველა მსურველ ახალგაზრდა ფერმერს დავუთმოთ "სოციალური სივრცე".

მიქსმედია თერაპია

"მიქსმედია თერაპია" ნიტა გაბისონიას მიერ შემუშავებული თერაპიული ვორქშოპია. ნიტას ყოველდღიური საქმიანობა ხელოვნების სიყვარულს მოიცავს - ბუნება, მუსიკა და თავისი წარმოსახვის ვიზუალურად გარდაქმნა ყველაზე მეტად უყვარს, სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ იდეალურ ადგილას მოხვდა. გასულ სეზონზე ჩატარებულმა სესიებმა და მიღებულმა გამოცდილებამ სტიმული მისცა თერაპიული პროცესი შემოქმედებითი აღმოჩენების დიდ მოგზაურობად ექცია.

"თავისუფალი მიდგომის, ფერებისა და სხვადასხვა მასალების გამოყენებით - ეს მეთოდი არის მშვენიერი გზა საკუთარ თავში ერთდროულად აღმოაჩინოთ შემოქმედებითი ნიჭი და მეორადი მასალების გამოყენებით ნამუშევრის შექმნის უნარი. მიქსმედია ნამუშევრების შექმნის პროცესით მიღებული სიამოვნება, სხვადასხვა მასალების ერთმანეთთან დაკავშირება და საბოლოოდ ერთ მთლიან ობიექტად გაცოცხლება კი ფოკუსირების უნარის გაუმჯობესებას და სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს" - ამბობს ნიტა.
 

მოვუსმინოთ ბუნებას

"მოვუსმინოთ ბუნებას" "სოციალური სივრცისა" და Black Sea Arena- ს მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბუნებისა და მუსიკის კომუნიკაციის უნიკალური მეთოდის მეშვეობით კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ სამყაროში მცენარეებიც ისეთივე ცოცხალი არსებები არიან, როგორც ჩვენ.

მცენარეებთან შეხებით მათში წარმოქმნილი რხევები, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მუსიკალურ ბგერებად გარდაიქმნება და ისე მოგვეწოდება. მსგავსი ინტერაქცია კი გვარწმუნებს, რომ მცენარეები ზუსტად ისე განიცდიან და გრძნობენ ჩვენთან კომუნიკაციას, როგორც ჩვენ ადამიანები.

პროექტი განსაკუთრებით საინტერესო ბავშვებისთვის აღმოჩნდა, რადგან სახალისოსთან ერთად საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებდა და ბავშვები ამ გზით პლანეტაზე ზრუნვის საჭიროებას სწავლობდნენ. ამ დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, ეკოპროექტი "მოვუსმინოთ ბუნებას" "სოციალურ სივრცეში" წელსაც გაიმართება, თქვენ კი ისევ შეძლებთ მცენარეების ემოციების მოსმენას.